ოკუპირებულ გალში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრა

ქართული პოლიციის საგუშაგო ენგურის ხიდთან

გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე კვლავ მოითხოვს 2016 წლის მაისში, ადმინისტრაციულ საზღვართან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავებას. კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება გასული ერთი თვის განმავლობაში მომხდარი ინციდენტებიც და უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხი. წინასწარი ინფორმაციით, ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას გეგმავდა ოკუპირებულ აფხაზეთში, პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას ცოლი, ლალი ბასარია. თუმცა, მან რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს. ლალი ბასარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ამოწურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს, ოსურმა მხარემ თბილისის მიერ აფხაზი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ ცხინვალის ციხიდან გაუშვა 2016 წლის ზაფხულში დაკავებული გიორგი გიუნაშვილი. აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ოკუპირებულ გალის რაიონში გადავიდა შვილების საფლავის მოსანახულებლად. აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფებასთან, „ტყის ძმებთან“ კავშირისა და მკვლელობის ბრალდებით. ამ ბრალდებას უარყოფს გიორგი ლუკავას ცოლი. ლალი ბასარიას განცხადებით, მისი ქმარი, რომელიც ყოფილი სამხედროა, მეექვსე წელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 2016 წლის მარტში, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა ენგურის ხიდთან, საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს პატიმრობიდან გათავისუფლებული 14 პირი, რომელთა სანაცვლოდ თბილისმა ცხინვალს გადასცა ოთხი პატიმარი. ლალი ბასარიას განცხადებით, მათ შორის უნდა ყოფილიყო გიორგი ლუკავაც, თუმცა, მისი გათავისუფლება აფხაზურმა მხარემ გადაიფიქრა.