საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დაისჯებიან ისინი, ვინც პასუხსიმგებელია ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრისთვის, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 11-ვე ადამიანი დაიღუპა კვამლით მოწამვლის შედეგად. კვირიკაშვილი ბრიუსელიდან, ევროკავშირის სამიტიდან, ბრუნდებოდა თბილისში, როცა 22-სართულიანი სასტუმროს ხანძრის შესახებ შეიტყო და მისმა თვითმფრინავმა ბათუმისკენ შეიცვალა კურსი. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დაღუპული 11 პირიდან 10 საქართველოს მოქალაქეა, ერთი - ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 ნოემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას. როგორც იტყობინებიან, სასტუმროს არ მოიპოვება სახანძრო-საევაკუაციო კიბე.
ბათუმის მერიის არქიტეტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი რამიშვილის კომენტარი.