თბილისის ისნის რაიონში, სადაც 22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა, მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა გვამები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი წევრი და ერთი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ისინი არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი სპეცრაზმელი. დაიჭრა ამავე სამსახურის ორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში მცხოვრებ პირებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ, დაკავების ოპერაციის საწყის ეტაპზე კი რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რათა სამართალდამცავებს ჩაბარებოდნენ, რაზეც მათ უარი თქვეს, ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაცია დაახლოებით ოც საათს გაგრძელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპერაციამ ამდენ ხანს გასტანა, რათა დანაკარგი რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო და არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები.