კადიროვი გამოდის წინადადებით, რომ საქართველოს გადაეცეს სტალინის ნეშტი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოდის წინადადებით, რომ სტალინის ნეშტი საქართველოს გადაეცეს, ხოლო რუსეთში უკვდავჰყონ ნიკიტა ხრუშჩოვის სახელი. კადიროვმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ საჭიროა „კეთილი ნების“ გამოჩენა და სტალინის ნეშტის გადაცემა საქართველოსათვის, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ. „რუსეთის მილიონობით მცხოვრები შვებით ამოისუნთქებს, როცა შეიტყობს, რომ სტალინის სულმა რუსეთი დატოვა“, უთხრა კადიროვმა „ინტერფაქსს“. ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც სტალინის გარდაცვალების შემდეგ ჩადგა ხელისუფლების სათავეში, კადიროვმა მოიხსენია ადამიანად, რომელმაც „უდიდესი წვლილი შეიტანა ჩეჩნებისა და ინგუშების მიმართ სამართლიანობის ზეიმში“. დაუდგამენ თუ არა მას ძეგლს - ამას რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტსო, ამბობს კადიროვი. მანვე კვლავ გამოთქვა მოსაზრება, რომ ლენინის ნეშტი უნდა დაიმარხოს. ლენინის დამარხვას ემხრობა რუსეთში ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელიც. ერთ-ერთი ბოლო იყო ცნობილი ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი, რომელიც აპირებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ყოფილი საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინი 1953 წლის მარტში გარდაიცვალა და მოსკოვშია დამარხული.