რუსული „ტროლების ფაბრიკის“ მასალებს მილიონობით ამერიკელი ეცნობოდა

ფეისბუკის მომხმარებელი 126 მილიონამდე ამერიკელი გაეცნო რუსეთის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში გავრცელებულ პოლიტიკურ რეკლამას და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა მასალებს - ამის შესახებ საუბარია ფეისბუკის ადმინისტრაციის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ მოხსენებაში. სააგენტო როიტერი ფეისბუკის მთავარი მრჩევლის, კოლინ სტრეჩის წერილობით ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის „ინტერნეტ-გამოკვლევების სააგენტოსთან“ კავშირის მქონე, სხვადასხვა ანგარიშის გამოყენებით, 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის აგვისტომდე გამოქვეყნებული იყო 80 ათასამდე შეტყობინება. მათი უმრავლესობა ეხებოდა აშშ-ში უთანხმოების გამომწვევ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. როიტერის ცნობითვე, თითქმის 3 ათასი ასეთივე „ექაუნთი“ აღმოაჩინა სოციალურმა ქსელმა, ტვიტერმა. ფეისბუქის და ტვიტერის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტში, ამ კვირაში დანიშნულ მოსმენებში, რომლებიც ეხება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში რუსეთიდან ორგანიზებულ დეზინფორმაციის კამპანიას.