30 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური ცერემონია. მასში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზების გამაერთიანებელი სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წლიდან. აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო ხაზია, რომელიც ხელს შეუწყობს აზიის და ევროპის ბაზრებზე გასვლას. სამი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზით ყოველწლიურად შესაძლებელი იქნება 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა და მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. რკინიგზის საქართველოს მონაკვეთს აშენებდა კომპანია "მარაბდა-კარწახის რკინიგზა." მისი ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას. რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის იანვარში გაიარა. 2017 წლის ივლისში, პირველი მატარებელი გაემგზავრა თურქეთის ქალაქ ყარსიდან საქართველოს საზღვრამდე.