ზუგდიდში კენჭისყრის პროცედურა მშვიდ ვითარებაში დაიწყო

სარჩევნო უბანი ზუგდიდში

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 107-ვე საარჩევნო უბანი 7 საათზე გაიხსნა. მისი განმარტებით, ზოგიერთ უბანზე კომისიის წევრები არ იყვნენ სრულად, თუმცა ამას უბნის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია. „როგორც წინასაარჩევნო გარემო, არჩვენების დილაც ძალიან მშვიდობიანია. ყველა უბანი უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით. ზოგიერთ უბნებზე წევრების ნაკლული რაოდენობაა, ზოგიერთი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრები არ არიან, თუმცა კომისია უფლებამოსილია 7 წევრის არსებობის შემთხვევაშიც“, - განაცხადა მირანდა მესხმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 107 საარჩევნო უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 120 ათას 219 ადამიანია. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მერობის ექვს კანდიდატს შორის მოუწევს. ამას გარდა, ჯამში დარეგისტრირებულია რვა საარჩევნო სუბიექტი და მაჟორიტარობის 125 კანდიდატი.