საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კონსტიტუციის ახალი რედაქცია - 117 ხმით 7-ის წინააღმდეგ - მიიღო. ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო და მათი გაზიარებისკენ მოუწოდა. დებატებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარმართულ რიგგარეშე სესიაზე „ქართული ოცნების“ არც ერთმა დეპუტატმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის შენიშვნები და 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ კონსტიტუციის პირვანდელი ვერსია მეოთხე მოსმენით დაამტკიცა.