ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ცოლი საქართველოდან გერმანიაში გაემგზავრა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც საქართველოს აფარებდა თავს, ამჟამად გერმანიაში იმყოფება. მან 12 ოქტომბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ბერლინშია თავის ოთხი წლის შვილთან ერთად. მუსტაფაევას თქმით, მან გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა, რადგან საქართველოში აღარ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. აფგან მუხთარლი ოჯახთან ერთად 2015 წელს გადასახლდა საქართველოში, რადგან აზერბაიჯანში საფრთხე ექმნებოდა მმართველ წრეებში კორუფციის შესახებ რეპორტაჟების მომზადების გამო. 29 მაისს მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა, ხოლო მომდევნო დღეს აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ის ბაქოში იმყოფება - დაკავებულია აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინოფრმაციით, მისი კლიენტი თბილისიდან „მოიტაცეს“. მუსტაფაევა ამბობს, რომ მას - ქმრის გაუჩინარების შემდეგ - თბილისში უთვალთავლებდნენ და რომ თვალთვალი გააქტიურდა აგვისტოში თბილისში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის, რამილ უსუბოვის ვიზიტის შემდეგ. მუსტაფაევის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ მიუმართავს ზომებისათვის თვალთვალის შესაწყვეტად. უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები ბაქოს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი.