ლატვიის დედაქალაქში გაიხსნა "რიგის კონფერენცია" - ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი, რომლის ყურადღების ცენტრშია ბალტიისპირეთში და, უფრო ზოგადად, ევროპაში პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და საინფორმაციო ხასიათის გამოწვევები. "ლატვიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რის გამოც მომავალი წლის იანვრიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაიზრდება ქვეყნის თავდაცვითი ხარჯები" - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში კონფერენციის გახსნის დროს ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდას ბერგმანისმა. რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტის ცნობით, ნატოს წინაშე მდგარი ამოცანების გარდა, რიგაში იმსჯელებენ ასევე ევროპის თავდაცვით პროექტზე, რომელსაც აქტიურ ლობირებას უწევენ გერმანია და საფრანგეთი. ევროკავშირის მომავლის კონტექსტში საგანგებო სხდომა მიეძღვნება "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამას, რომლის მონაწილეები, მათ შორის საქართველო, ამ პროგრამას განიხილავენ, როგორც ევროკავშირთან დაახლოების და, საბოლოოდ, მასში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამ სხდომაზე მოხსენებით გამოვა თამარ ხულორდავაც, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ტრადიციულად, რიგის კონფერენციის ფარგლებში იმართება ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი, რომელმაც ერთი დღით ადრე, 28 სექტემბერს, დაიწყო მუშაობა. რიგის კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრებისათვის 29 სექტემბერს კსუნსის კინოცენტრში აჩვენეს დოკუმენტური ფილმი რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ცხოვრების შესახებ. ნემცოვს, რომელიც 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში მოკლეს, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა რიგის კონფერენციაში.