საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. თბილისში დღეს, 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს არაერთი ხარვეზი აქვს. „მათ შორის, მთავარი არის, რომ ის თანხმობის დოკუმენტი არ არის. ამავე დროს, პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამავე დროს, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი, და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს“ - განაცხადა ანა დოლიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ დანიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, პოლიტიკური აქტია, რადგან კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობას თავადაც შეუძლია სხდომაზე შეიკრიბოს 48 საათის გასვლის შემდეგ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 24 სექტემბერს მიმართა კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრის მიზნით, რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად.