ჩრდილოეთი კორეა იმუქრება აშშ-ის კუნძულზე სარაკეტო თავდასხმით

კიმ ჩონ ინი

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ის "გულდასმით ამოწმებს" აშშ-ის კუნძულზე, წყნარ ოკეანეში მდებარე გუამზე სარაკეტო იერიშის შესაძლებლობას. ეს განცხადება რამდენიმე საათში მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილებას, რომ ფხენიანი „ცეცხლსა და რისხვას“ მოიმკის, თუ კვლავაც დაემუქრება შეერთებულ შტატებს. „ჩრდილოეთ კორეისათვის აჯობებს, ნუღარ დაემუქრება შეერთებულ შტატებს. თორემ ისეთ ცეცხლსა და რისხვას მიიღებენ, მსოფლიოში რომ ჯერ არავის უნახავს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მუქარა ძალიან მძიმეა, ნორმალური განცხადებების ზღვარს სცდება. და როგორც ვთქვი, მიიღებს ცეცხლს, რისხვასა და - პირდაპირ ვიტყვი - ძალას, როგორც მსოფლიოში ჯერ არავის უნახავს“, - ეს სიტყვები ტრამპმა წარმოთქვა 8 აგვისტოს ნიუ-ჯერსის შტატში, შვებულების დროს გამართულ ბრიფინგზე. ჩრდილოეთ კორეას ნათქვამი აქვს, რომ მიზნად დაისახა შექმნას ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტა, რომელიც შეერთებულ შტატებს წვდება. ფხენიანი უგულებელყოფს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც დაუწესეს ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შესაჩერებლად. ჩრდილოეთ კორეის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუამზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერ მომენტში, როგორც კი ამ კომუნისტური რეჟიმის ლიდერი, კიმ ჩონ ინი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.