საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის აშშ-ის ადმინისტრაციას და პირადად ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-მა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტები - უსაფრთხოება და სტაბილურობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. „ეს პირველ ყოვლისა, არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მეტი შთაგონება იმისთვის, რომ ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი პრიორიტეტები“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, აშშ-ისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება და სწორედ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას მოეწერა ხელი მსხვილი ამერიკული კომპანიის, SSA Marine-ის და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" შეთანხმებას, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანია საქართველოში შემოდის არა მხოლოდ ახალი პორტის ოპერატორად, არამედ ინვესტორადაც.