კვირიკაშვილმა და პენსმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები

მაიკ პენსი (მარცხნივ) და გიორგი კვირიკაშვილი

გრძელდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. დღეს იგი მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. სტუმარმა პენსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ გადასცა მას აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა მხარში უდგას საქართველოს. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა პენსს საქართველოში სტუმრობისთვის და ეს ფაქტი ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები, ისაუბრეს თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და იმ უდიდეს წვლილზე, რომელიც აშშ-ს შეაქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში. კვირიკაშვილმა და პენსმა ისაუბრეს, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რაც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის „უმთავრეს პრობლემად“ შეაფასა. მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა. დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.