კიევში იმართება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია

კიევში საპროტესტო აქციას მართავენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზაცია „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრები. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, აქციაში 400-მდე ადამიანი მონაწილეობს. 26 ივლისს სააკაშვილს ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, რითაც, მისი მხარდამჭერების შეფასებით, „ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი“. მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კიევის ცენტრში მდებარე მაიდანზე აქცია ტარდება არა სააკაშვილის მხარდასაჭერად, არამედ იმის გასაპროტესტებლად, რომ ხელისუფლება "უგულებელყოფს მოქალაქეთა უფლებებს". სააკაშვილი 2013 წლამდე იყო საქართველოს პრეზიდენტი და 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, როცა ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. ამ პოსტიდან ის 2016 წლის ნოემბერში გადადგა.