გალში გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, შეხვედრამ „კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში“ ჩაიარა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს კვლავ წამოჭრეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და იმსჯელეს ერთ-ერთი დაკავებული პირის შესახებ. განცხადებაში არ არის დასახელებული ამ პირის ვინაობა. როგორც იუწყებიან, მხარეებმა გაცვალეს ასევე ინფორმაცია გალის რაიონის მოსახლეობისათვის საოკუპაციო ხაზზე გადასვლისათვის საჭირო დოკუმენტების შესახებ და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია მრავალეროვანი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შესახებ. ეს სწავლება ვაზიანის ბაზაზე ჩატარდება 30 ივლისიდან 12 აგვისტოდან. ხოლო გალის მომდევნო, 49-ე შეხვედრა 2017 წლის 19 სექტემბრისათვის დაინიშნა.