საქართველოს მისიამ გაეროში, უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას წარუდგინა სპეციალური განცხადება, რომელიც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან რუსეთის საოკუპაციო ძალების თვითნებურ ქმედებას - ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება. "ეს არის ე.წ. საზღვრის გადმოწევის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ ზიანს აყენებს ადგილზე უსაფრთხოების საკითხებს და უგულვებელყოფს საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ“ - ნათქვამია განცხადებაში. ქართული მხარე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების უხეშად დარღვევას და კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას. „ბოლო ფაქტი და ზოგადი სიტუაცია, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, კიდევ ერთხელ წარმოშობს აუცილებლობას რომ ადგილზე აღდგეს საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმები, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარულ პროცესს და შექმნის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმს“ - ნათქვამია განცხადებაში. ქართული მხარე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად გამოიყენებს ყველა ბერკეტს, მათ შორის ჟენევის ფორმატს და საერთაშორისო მხარდაჭერას. თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღოს რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, გაეროში ინტენსიურ შეხვედრებს მართავს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე, რომელიც კოლეგებს აცნობს შექმნილ ვითარებას. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან დადგეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი, რომლის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ადგილობრივ მცხოვრებთა მიწის ნაკვეთები.