სტუმრად ჩვენს ეთერში: არჩილ ჩოფიკაშვილი
Your browser doesn’t support HTML5
31 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არჩილ ჩოფიკაშვილი, ადვოკატი. მან ილაპარაკა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცების ფაქტზე. არჩილ ჩოფიკაშვილი, როგორც ორგანიზაციების "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და " თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენელი, იცავს აფგან მუხტარლისა და მისი მეუღლის ინტერესებს. მან "დილის საუბრებში" აღწერა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების დეტალები და თქვა, რომ ის 29 მაისს დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის გაუჩინარდა. მეორე დილით აფგანის მეუღლე და ახლობლები პოლიციაში მივიდნენ. მათ ურჩიეს განცხადების დაწერა, რაც მათ გააკეთეს კიდეც. არჩილ ჩოფიკაშვილი არ დააკმაყოფილა პოლიციის რეაქციამ და იმავე დღეს, 30 მაისს დაიგეგმა პრესკონფერენცია აფგან მუხტარლის გაუჩინარების ფაქტის გასახმაურებლად. პრესკონფერენციის გამართვისა და ამბის გახმაურების შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ და გამოძიების დაწყების საფუძვლად, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მითითებულია მედიით გავრცელებული ინფორმაცია და არა აფგან მუხტარლის ახლობლების განცხადებები. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას და საზოგადოების დროულ ინფორმირებას. საგულისხმოა, რომ 30 მაისს, ვიდრე გავრცელდებოდა ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბაქოში ჩაყვანის შესახებ, მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ გამოთქვა ვარაუდი, რომ აფგან მუხტარლი პოლიტიკური მოტივით გაიტაცეს და პასუხისმგებლობა დააკისრა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ხელისუფლებას. არჩილ ჩოფიკაშვილი თვლის, რომ პოლიციამ აუცილებლად უნდა დაადგინოს იმ პირთა ვინაობა, ვინც აფგან მუხტარლის 29 მაისს თბილისის ცენტრში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, აგრეთვე გამოავლინონ პირები, ვისი მეშვეობითაც ის თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე მიიყვანეს. გარდა ამისა, ადვოკატი მნიშვნელოვნად თვლის იმ ადამიანთა იდენტიფიკაციასა, ვისი გულგრილობით ან ხელშეწყობითაც გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აფგან მუხტარლი. ცნობილია, რომ გატაცებულ ჟურნალისტს თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. "გული მწყდება მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი ამბავი გადახდა თავს", - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი "დილის საუბრების" ეთერში.