ლუკაშენკომ დასავლეთი დაადანაშაულა ბელორუსიაში არეულობის მოწყობაში

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები დაადანაშაულა, მისივე თქმით, ბელორუსიაში მოქმედი „მეხუთე კოლონის“ მხარდაჭერაში, რაც იწვევს არეულობას და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელორუსიის ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ანტისამთავრობო დემონსტრაციებში, რომელთა მიზანია წინააღმდეგობის გაწევა შრომითი კოდექსით დაწესებული ახალი, ე.წ. „მუქთახორობის გადასახადისადმი“. ლუკაშენკოს თქმით, „დასავლეთის უშიშროების სამსახურების მიერ მართული ფონდები“ „ხულიგნების“ მხარდაჭერით ცდილობენ „სიტუაციის დაძაბვას“. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ბელორუსიის მთავრობა „ამას გაუმკლავდება“ და დასძინა, რომ ბელორუსიის საზღვართან ნატოს ძალების განთავსებაზე მეტად მას ქვეყნის შიგნით არსებული არეულობა აღელვებს.