ხუთი ადამიანი დაიღუპა პაკისტანში სასამართლოზე თალიბების თავდასხმის შედეგად

თალიბებმა თავდასხმა მოაწყეს პაკისტანის ქალაქ ტანგის სასამართლოზე, მოკლეს სულ ცოტა ხუთი და დაჭრეს 15 ადამიანი. ტანგი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ქალაქ ფეშავარის მახლობლად. თალიბების ერთ-ერთმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომ მან განახორციელა თავდასხმა. ოფიციალური პირების ცნობით, სამმა შეიარაღებულმა ექსტრემისტმა, რომელსაც ასაფეთქებელი ჟილეტებიც ეცვა, სასამართლოს შენობაში შესვლა სცადა. პოლიციამ ორი მათგანი მოკლა, მაგრამ მესამემ შენობის შესასვლელში შეძლო აფეთქების მოწყობა. განვლილი კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა პაკისტანში თავდასხმების შედეგად. ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას სინდის პროვინციაში, სუფიების სალოცავში, სადაც 90 ადამიანი დაიღუპა. ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“.