მიუნხენში გაიხსნა უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია

დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიხსნა უსაფრთხოების 53-ე ყოველწლიური კონფერენცია. მისი თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის თქმით, მსოფლიო ლიდერების შეკრება მიმდინარეობს „სრული გაურკვევლობის“ ფონზე, მათ შორის „ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალთან“ დაკავშირებით. ეს განცხადება იშინგერმა სამდღიანი კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნატოს, თუმცა მოუწოდებს ალიანსის წევრებს, გაინაწილონ ფინანსური ტვირთი. კონფერენციის მონაწილეებს შორის არიან გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-ზე მეტი ლიდერი, საგარეო და თავდაცვის 80-მდე მინისტრი თუ სხვა ოფიციალური წარმომადგენელი. ამ წარმომადგენლობით ფორუმში მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. კონფერენცია 19 თებერვლამდე გასტანს.