გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დიდი შეტევა წამოიწყეს სირიის ქალაქ დაირ ალ-ზაურზე, რომელსაც სირიის სამთავრობო ჯარები აკონტროლებენ. სადამკვირვებლო ჯგუფების თანახმად, იმ დროს როდესაც ბრძოლები მიმდინარეობს ექსტრემისტებსა და სამთავრობო ჯარებს შორის, სულ მცირე ექვსი მძლავრი აფეთქება მოხდა ქალაქში. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ექსტრემისტებმა დახოცეს სამი კაცი და დაჭრეს 9, მთავრობის მიერ კონტროლირებად ქალაქის რაიონებში. სირიის ავიაციამ იერიშებით უპასუხა ექსტრემისტების იერიშებს. "ისლამური სახელმწიფო" პროვინცია დაირ ალ-ზაურის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს და 2014 წლიდან ალყაში ჰყავს პროვინციის დედაქალაქი. ქალაქში ამჟამად ცხოვრობს 200 ათასი ადამიანი, რომლებსაც ავიაციისა და ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით, მედიკამენტებსა და საკვებს რეგულარულად აწვდიან სირიის მთავრობა და მისი მთავარი მოკავშირე - რუსეთი.