აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, რექს ტილერსონის აზრით, აშშ-ს უფრო მკვეთრი რეაქცია უნდა ჰქონოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე, მაგალითად, კიევისათვის დაუყოვნებლივ უნდა გაეწია სამხედრო დახმარება, რათა არ დაეშვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გაგრძელება. ეს შეფასება ტილერსონმა, რომელიც ნავთობკომპანია "ექსონმობილის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია, გამოთქვა სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. ტილერსონის აზრით, ყირიმის ანექსიაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის „სუსტმა“ რეაქციამ გაათამამა კრემლი, იარაღით და ჯარისკაცებით დახმარებოდა სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთი „შეიჭრა უკრაინაში, რაც ყირიმის მიტაცებასაც გულისხმობს და მხარდაჭერას უწევდა სირიის ჯარს, რომელიც უხეშად არღვევს ომის კანონებს. ჩვენი ნატოელი მოკავშირეები სამართლიანად არიან შეშფოთებული აგრესიულად მოქმედი რუსეთის გამო. მაგრამ ვაკუუმი სწორედ ამერიკის ლიდერობის არარსებობის გამო შეიქმნა“, - განაცხადა ტილერსონმა სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტში გამოსვლისას. მან „შემაშფოთებელი“ უწოდა აშშ-ის დაზვერვის უწყებების ბრალდებას რუსეთის მისამართით, რომ ის ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რამდენჯერმე აქვს გამოთქმული დაეჭვება დაზვერვის უწყებების ამ შეფასებით. სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის კანდიდატურის მიმართ ბევრი გამოთქვამს სკეპტიკურ დამოკიდებულებას ახლო ურთიერთობის გამო, რომელიც ტილერსონს წარსულში ჰქონდა რუსეთთან, მაღალი რანგის ოფიციალური პირების ჩათვლით..