საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გაემგზავრა მინსკში, სადაც დღეს, 10 იანვარს შეხვდება კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელებს. ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხზე. გასული წლის დეკემბერში, კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს ორჯერ შეხვდა ჯერ ვენაში და შემდეგ მინსკში. ორივე შეხვედრის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, რადგან „გაზპრომ-ექსპორტის“ წინადადება თბილისისთვის მიუღებელია. რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველო იღებს ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს. „გაზპრომ-ექსპორტი“ ტრანზიტის ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას ითხოვს.