თურქეთის ვიცე-პრემიერი: სტამბოლში ღამის კლუბზე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, უიგურია

თურქეთის ვიცე-პრემიერის, ვეისი კაინაკის განცხადებით, შეიარაღებული პირი, რომელიც ახალი წლის ღამეს სტამბოლის ღამის კლუბში შეიჭრა, სავარაუდოდ, ეთნიკური უიგურია. კაინაკმა 5 იანვარს გამოაცხადა, რომ სამართალდამცველებმა დაადგინეს ეჭვმიტანილის სავარაუდო ადგილსამყოფელი და კავშირები. თავდამხსმელი, რომელმაც ახალი წლის ღამეს ავტომატური იარაღით მოკლა კლუბ „რეინაში“ მყოფი 39 ადამიანი, ჯერ არ შეუპყრიათ. უიგურები არიან თურქულენოვანი, უმეტესწილად მუსლიმი ეთნიკური უმცირესობა დასავლეთ ჩინეთში. მათი დიასპორა ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და თურქეთზეც ვრცელდება. თურქეთის ვიცე-პრემიერის განცხადების ფონია 5 იანვარს პოლიციის რეიდები სტამბოლში და სტამბოლის მახლობლად. ახალი წლის ღამის თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მონაცემებით, დაკავებულები უიგურები არიან. ახალი წლის ღამეს სტამბოლში მოწყობილ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 4 იანვარს გამოაცხადა, რომ დადგენილია თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა. მას დეტალებზე არ უსაუბრია.