ბერლინის პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, მართლაც იჯდა თუ არა დაკავებული პირი სატვირთო მანქანის საჭესთან

ბერლინის პოლიციის უფროსის, კლაუს კანდტის განცხადებით, ჯერ არ გარკვეულა, მართლაც არის თუ არა ბერლინში დაკავებული მამაკაცი ის ადამიანი, რომელიც 19 დეკემბრის საღამოს საშობაო ბაზრობაზე ხალხში შეჭრილი სატვირთო ავტომანქანის საჭესთან იჯდა. ამის შესახებ კლაუს კანდტმა 20 დეკემბერს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლიციას არ გაუმხელია ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ დაკავებული პირის ვინაობა. მაგრამ მედია პოლიციაში თავისი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულია 23 წლის პაკისტანელი, რომელიც ბერლინში ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. საინფორმაციო სააგენტო "დე-პე-ა"-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ბოლო წლის განმავლობაში ჩავიდა გერმანიაში. ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული პირი უარყოფს თავდასხმასთან კავშირს. საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შეჭრის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 50-მდე ადამიანი.