2016 წელს მოკლული ჟურნალისტების რიცხვი შემცირდა

პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია იტყობინება, რომ 2015 წელთან შედარებით, შემცირდა იმ ჟურნალისტების რაოდენობა, რომლებიც მოკლეს პროფესიული ნიშნით. ამავე პერიოდში გაიზარდა საომარი მოქმედების ზონაში მომუშავე მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა. ამ ინფორმაციას ავრცელებს ნიუ-იორკში დაფუძნებული, "ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტ"ი, რომელმაც დღეს გამოაქვეყნა ანგარიში 2016 წელს მოკლული ჟურნალისტების შესახებ. ანგარიშში მითითებულია, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მოკლეს 48 ჟურნალისტი. შარშანდელი მაჩვენებელი 72 იყო. ორგანიზაციის თანახმად, იძიებენ 27 ჟურნალისტის სიკვდილის გარემოებას, რათა დადგინდეს, იყო თუ არა მკვლელობა მათ საქმიანობასთან კავშირში.