ევროპარლამენტმა დაამტკიცა "შეჩერების მექანიზმი"

15 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა მექანიზმი, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის მიმართულებით. ამ გადაწყვეტილებას მიემხრო 485 დეპუტატი, 132 წინააღმდეგი იყო, ხოლო 21-მა თავი შეიკავა. ევროკავშირის იურისტთა გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს კენჭს უყრიან იანვარში, უკრაინის საკითხზე კი თებერვალში იმსჯელებენ. უვიზო მიმოსვლის გზაზე შემდეგი ეტაპია შეჩერების მექანიზმის სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავება, მისი თარგმნა და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნება, რაც დაახლოებით 8 კვირას გასტანს. უკრაინისთვისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გზა ევროკავშირში ჯერ კიდევ შემოდგომაზე გაიხსნა, თუმცა გარკვეული დაბრკოლებები შეიქმნა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ეს ის აუცილებელი დოკუმენტია, რომელიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე უნდა შეიქმნას. შეჩერების მექანიზმი იმ წესებს აერთიანებს, რომელიც მაშინ იმოქმედებს, თუკი მოქალაქეები ევროკავშირის კანონმდებლობას დაარღვევენ.