სოციალური მედიის გოლიათები ტერორისტული პროპაგანდის წინააღმდეგ პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამენ

ტექნოლოგიურმა გოლიათებმა, იუთიუბმა, ფეისბუკმა, ტვიტერმა და მაიკროსოფტმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ მათი უებსაიტებიდან ტერორისტული პროპაგანდის აღმოსაფხვრელად ერთმანეთთან ითანამშრომლონ. 5 დეკემბერს ამ ფირმებმა განაცხადეს, რომ ქმნიან ერთობლივ მონაცემთა ბაზას და გაცვლიან ინფორმაციას ექსტრემისტული შინაარსის მასალებზე, რომლებსაც ისინი საკუთარი საიტებიდან მოხსნიან. ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოსთვის“ სოციალური მედია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიქცა მძლავრ ინსტრუმენტად ახალგაზრდების მიზიდვის და გადაბირების, მიმდევართა რადიკალიზების მიზნით, ასევე „ეული მგლების“ თავდასხმებისთვის გამოყენების საშუალებად. კომპანიები დასავლეთის ქვეყნების მზარდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ, რათა მეტი გაეკეთებინათ რადიკალური განცხადებების და ინფორმაციის წაშლის მიზნით. ტვიტერმა თებერვლიდან აგვისტომდე 235 ათასი ანგარიში გააუქმა და გაზარდა იმ თანამშრომლების რიცხვი, რომლებიც ექსტრემისტულ განცხადებების გამოვლენით არიან დაკავებული. ერთობლივი ბაზა მომავალ წელს ამოქმედდება და მასში სხვა ფირმებიც გაერთიანდებიან.