ვაზიანში გაიმართა გენშტაბის უფროსისთვის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია

ვაზიანის ბაზაზე გაიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისთვის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია. შტაბის ახალ ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას უფლებამოსილება გადასცა მისმა წინამორბედმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, რომელსაც 22 ნოემბერს ამოეწურა სამწლიანი უფლებამოსილების ვადა. ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან იზორია და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ურთულესი მისიის შესრულებაში წარმატება უსურვა გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას. „მთავარია, ჩვენი შეიარაღებული ძალები ისე იყოს მომზადებული, რომ არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ინტერესი ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. ცერემონიის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციას გეგმავს სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით. ”ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით შეიარაღებულ ძალებს, ადეკვატურს იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში არსებობს. მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად ვიყოთ თავსებადი ნატოს სტანდარტებთან“ - განაცხადა გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.