საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა. ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი გახარია, რომელსაც, შესაბამისად, დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი, კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს შეცვლის. ქუმსიშვილი ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას. გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუდნება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახა კალაძე. ცვლილება შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც: ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს. ალავიძე ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა. მთავრობაში ასევე ახალი სახე იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს შეცვლის. უქმდება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ მიმართულებას საგარეო საქმეთა მინისტრი შეითავსებს.მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები თანამდებობებს ინარჩუნებენ. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.