სირიაში შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოქმედი ძალები, რომლებსაც ქურთი მებრძოლები ხელმძღვანელობენ, ქალაქ რაყის ჩრდილოეთით ებრძვიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“. რაყა ექსტრემისტების ფაქტობრივ დედაქალაქად ითვლება. 6 ნოემბერს მრავალეთნიკურმა ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელსაც „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ უწოდებენ, გამოაცხადა, რომ იწყებს ოპერაციას რაყაზე კონტროლის აღსადგენად. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება ქალაქის ჩრილოეთით ინტენსიური შეტაკებების შესახებ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებმა 16 ავიაიერიში განახორციელეს ჩრდილოეთ სირიაში, იმ ადგილას, სადაც ბრძოლების ეპიცენტრია. აშშ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ მიიჩნევს ყველაზე ქმედითუნარიან ძალად ექსტრემისტებთან საბრძოლველად.