ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში საპროტესტო აქციას განაგრძობენ რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ მშენებელი ჩინური კომპანიის, ”23-ე ბიუროს” ხელმძღვანელების შეცვლას. გასული ორი დღის განმავლობაში სოფელ ზვარეში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ჯერ ჩინელ მუშებსა და ადგილობრივ მცხოვრებთა შორის, შემდეგ კი ჩინელ და ქართველ მუშებს შორის. საავადმყოფოებში მოათავსეს 5 ქართველი მუშა და ზვარეს 2 მცხოვრები. 3 ნოემბერს, საღამოს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს ჩინეთის სამი მოქალაქე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას.