მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, სავარაუდოდ, მეორე ტური გახდება საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად. ხმების თითქმის მთლიანად დათვლის შედეგებით ლიდერობს პრომოსკოვური კურსის მხარდამჭერი კანდიდატი, სოციალისტური პარტიის წევრი იგორ დოდონი. მას ხმების 48,7% ერგო, ხოლო მის მთავარ კონკურენტს, პროევროპული კურსის მომხრე მაია სანდუს - ხმების 37,9%. ის „ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ წარმომადგენელია. არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის თითქმის 49%. რახან, როგორც ჩანს, ვერც ერთი კანდიდატი ვერ აგროვებს ხმების ნახევარზე მეტს, 13 ნოემბერს გაიმართება მეორე ტური. ფართოდ გავრცელებული შეფასებით, 30 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები წარმოაჩენს, ვინ არის მოლდავეთში, ერთი მხრივ, ევროკავშირში ინტეგრაციისა და, მეორე მხრივ, რუსეთთან დაახლოების მომხრე. 41 წლის გორ დოდონს, რომელიც განათლებით ეკონომისტია, ნათქვამი აქვს, რომ გამოვა ევროკავშირისა და კიშინიოვის მიერ 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებიდან და მოლდავეთს შეიყვანს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობს.