ევროკომისარი უსაფრთხოების საკითხებში, ჯულიენ კინგი ევროკავშირს მოუწოდებს, მოემზადოს ექსტრემისტების ტალღისათვის ერაყის ქალაქ მოსულიდან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნის შემდეგ. ექსტრემისტების მცირე რაოდენობაც კი სერიოზულ საფრთხეს შექმნიდა, რისთვისაც მომზადება გვმართებსო, აღნიშნა ბრიტანელმა ევროკომისარმა გერმანიის გაზეთ „ველტთან“ ინტერვიუში. 16 ოქტომბერს ერაყელი ჯარისკაცების, ქურთი მებრძოლების, სუნიტებისა და შიიტების გასამხედროებული ჯგუფების წევრების - სულ 30 ათასამდე პირის - მონაწილეობით და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის თვითმფრინავების მხარდაჭერით დაიწყო ოპერაცია მოსულის ასაღებად. ერაყის ამ ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს „ისლამური სახელმწიფო“. გაეროს ინფორმაციით, ოპერაციის მსვლელობაში შესაძლოა მილინამდე ადამიანს მოუწიოს სახლ-კარის მიტოვება. საკუთრივ ოპერაცია, სავარაუდოდ, კვირები გაგრძელდება და შესაძლოა მეტი ხანიც. ევროკომისრის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებიდან, ვინც მოსულის რეგიონში იბრძვის, 2500-მდე კაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან.