მმართველმა პარტიამ – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, ხმათა 99,41 პროცენტის დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 48,61%-მა. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ხმების 27,04% მოაგროვა. მესამე შედეგი აქვს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ – 4.99%. სხვა პარტიებმა და ბლოკებმა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად აუცილებელი 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. ბარიერის ზღვართან ყველაზე ახლოს არიან „თავისუფალი დემოკრატები“ - 4.58%.