გაეროს გენერალური მდივანი გმობს სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონაზე იერიშს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა მკაცრად დაგმო სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონის წინააღმდეგ მიმართული საჰაერო იერიში და „ლაჩრები“ უწოდა მასზე პასუხისმგებელ პირებს. ბან კი-მუნმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა ქალაქ ალეპოს მახლობლად 19 სექტემბერს მოწყობილ საჰაერო თავდასხმაზე და „გმირებად“ მოიხსენია ადამიანები, ვინც სხვებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის. საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 20 სამოქალაქო პირი, მათ შორის ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი. ბან კი-მუნის ვარაუდით, ჰუმანიტარული დახმარების ავტოლოკონაზე თავდასხმა განზრახ მოეწყო. 20 სექტემბერს, ანუ ავტოკოლონაზე თავდასხმის მომდევნო დღეს, გაერომ შეაჩერა ჰუმანიტარული ოპერაციები სირიაში. ორგანიზაცია "სირიის არაბულმა წითელმა ნახევარმთვარემაც" გამოაცხადა, რომ სამი დღით წყვეტს მუშაობას ალეპოს პროვინციაში 19 სექტემბრის თავდასხმის წინააღმდეგ პროოტესტის ნიშნად. ჯერ არ დაუდგენიათ, ვინ მოაწყო საჰაერო თავდასხმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ცნობებს ჰუმანიტარული ავტოკლონის დამბობვის შესახებ. მისი ინფორმაციით, ავტოკოლონას ცეცხლი წაეკიდა. დეტალებზე არაფერია ნათქვამი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთისა და სირიის საჰაერო ძალებს არ განუხორციელებიათ დარტყმები ჰუმანიტარული ავტოკოლონის წინააღმდეგ.