ბაქოში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შორის. პოლიციამ მაშინ დაიწყო დემონსტრანტთა რიგების შევიწროვება, როდესაც ასობით ადამიანი ქალაქის ცენტრისაკენ მსვლელობით გაემართა 26 სექტემბრისათვის დაგეგმილი რეფერენდუმის საწინააღმდეგოდ. მოელიან, რომ რეფერენდუმი კიდევ უფრო მეტ უფლებებს მიანიჭებს ქვეყნის ავტორიტარულ მმართველს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელსაც ორი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება სურს. საპროტესტო დემონსტრაცია ბაქოში სანქცირებული იყო ხელისუფლების მხრიდან და მას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა. პოლიციის მიერ დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები, მათ შორის რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ორი შტატგარეშე თანამშრომელია. ერთ-ერთი ჟურნალისტი სხვა 30 პირთან ერთად აქციის ადგილიდან პოლიციამ ავტობუსით წაიყვანა. მეორე კი უკვე გაათავისუფლეს. შეხლა-შემოხლის დროს დაშავებულები არ არიან. აზერბაიჯანის ოპოზიცია ხვალ კვლავ გეგმავს ბაქოში საპროტესტო აქციის გამართვას.