ლევან ავალიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე
Your browser doesn’t support HTML5
16 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროგრამების დირექტორი და ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. მან ილაპარაკა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ლევან ავალიშვილი თვლის, რომ აუცილებელია იმ საფრთხეების გაანალიზება, რომლითაც საქართველოა გარემოცული და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად წინააღმდეგია რაიმე შეზღუდვების დაწესების, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა საფრთხე აშკარაა, ცალკეული პოლიტიკური ძალის საქმიანობის შეზღუდვა წინასაარჩევნო პერიოდში დასაშვებად მიაჩნია. ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ რუსული პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, რომ მოეხდინა პრორუსული ძალების ლეგალიზაცია საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში: "ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო დაახლოებით 4 წლის წინ, რომ ასეთი ტიპის დისკუსიას ადგილი ჰქონოდა ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში. დღეს ეს უკვე აბსოლუტურად მისაღები ფაქტია. ეს გარდატეხა უკვე მოხდა. შემდგომი ეტაპი იქნება, როცა ისინი უკვე პარლამენტში აღმოჩნდებიან და მეტი ბერკეტი ექნებათ იმისთვის, რომ სამართლებრივი, საკანონმდებლო ცვლილებებით პოზიციები გაიმყარონ, ან რაღაც შეღავათები დაუწესონ ამ მოძრაობებს". გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსზე საუბრისას ლევან ავალიშვილმა ილაპარაკა იმ საფრთხეზეც, როცა ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესის დაცვის ნიღბით ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს.