ამერიკის შეერთებული შტატების მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს თავმჯდომარე ჯეფ შელი, რომელიც საქმიანი ვიზიტით ჩაფრინდა მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს და რუსეთის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზა ჰქონდა.
Your browser doesn’t support HTML5
მმართველთა სამაუწყებლო საბჭო, ასევე BBG-ის სახელით ცნობილი, ამერიკის სააგენტოა, რომელიც სამოქალაქო სამთავრობო მაუწყებლობასა და მედიაოპერაციებს კურირებს. ამ უწყებას ექვემდებარება ჩვენი რადიოც, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმასა და კიდევ რამდენიმე მაუწყებელთან ერთად. საბჭოს თავმჯდომარე ჯეფ შელი გახლავთ ასევე ამერიკული მედიაკონგლომერატის, „ენბისი უნივერსალის“ (NBCUniversal), აღმასრულებელი დირექტორი.
ჯეფ შელი მოსკოვში პრაღიდან 13 ივლისს, ნაშუაღამევს, ჩავიდა. ის ჩაფრენიდან მცირე ხანში უშიშროების თანამშრომლებმა შეაჩერეს, რამდენიმე საათით აეროპორტის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს და მოსკოვის დროით დილის 5 საათზე ამსტერდამის რეისზე დასვეს. ამის შესახებ ინფორმაცია BBG-მ გაავრცელა. მათივე ცნობით, შელმა კოლეგებს უთხრა, რომ აეროპორტის თანამშრომლებმა მას აცნობეს, რუსეთში შესვლა სამუდამოდ გაქვს აკრძალულიო.
შელის დაკავება წინ უძღვის ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, ვიზიტს მოსკოვში, სადაც მან რუს კოლეგებთან ერთად უნდა განიხილოს ვითარება სირიასა და უკრაინაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ინციდენტზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ დეტალებს ამერიკის ოფიციალური პირები რუს კოლეგებთან ერთად განიხილავენ. მან განაცხადა: „რაც შეეხება მათ მიერ საჯაროდ გაცხადებულ მიზეზებს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სანქციებზე შესაფერისი პასუხი იქნებოდა ამ სანქციების მიზეზებზე ყურადღების გამახვილება და არა სამაგიეროს გადახდა“.
მარკ ტონერის კომენტარი პასუხია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, შელს რუსეთში შესვლაზე უარი იმიტომ განუცხადეს, რომ მისი სახელი მოსკოვის მიერ შექმნილ „შავ სიაში“ მოხვდა, რომელიც მოსკოვის პასუხია ამერიკის მიერ დაწესებულ სავიზო სანქციებზეო. სამინისტროს განცხადებით, ჯეფ შელი, თავისი თანამდებობით, გახლავთ ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამინისტროს სიტყვებით, „ფართომასშტაბიანი ანტირუსული პროპაგანდისა, რომელიც ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება“. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „სანქციები ორლესული მახვილია და ის, ვინც მათ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს, პასუხისთვისაც უნდა იყოს მზად“.
მარკ ტონერის განცხადებით კი, ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს სანქციების გაუქმებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ასევე არ დაუკონკრეტებია, წამოჭრის თუ არა ჯონ კერი ამ ინციდენტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, შეხვედრისას. კერის ვიზიტი მოსკოვში 14-15 ივლისს ჩატარდება.