თბილისში გრძელდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია

თბილისში გრძელდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია. ორშაბათს დილით გაიმართა პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხთა გენერალური კომიტეტის სხდომა, რომლის ყველა მონაწილემ, გარდა რუსეთის დელეგაციისა, მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, “კონფლიქტი საქართველოში.” პროექტის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად ძალისხმევის გაძლიერების და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ერთადერთ ფორმატს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გამოყენებით. რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოხატული იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, რომლებიც მოკლებულნი არიან მათი წარმოშობის ადგილზე ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლად დაბრუნების შესაძლებლობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების აღმართვის პროცესს, რაც ერთმანეთისგან ყოფს ადგილობრივ მოსახლეობას და არღვევს თავისუფლად გადაადგილების, ოჯახის, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ 2009 წლიდან, საქართველოში ეუთოს მისიის და გაეროს სადამკვირვებლო მისიის დახურვის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, თუმცა, შეზღუდული აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვერ ახერხებს მანდატის სრულად განხორციელებას. რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთოს საპარლამეტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შეასრულოს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, დაუშვას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნება, შესაძლებელი გახადოს ადგილზე ადამიანის უფლებების მონიტორინგი, დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უზრუნველყოს ევროკავშირის მისიის შეუფერხებელი წვდომა. ასამბლეა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოუწოდებს კონსტრუქციული ჩართულობისკენ, რათა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევა. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში და გაზარდოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით. საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 5 ივლისს, დასკვნით სხდომაზე უყრის კენჭს.