გავრცელებული ცნობებით, ძალაში რჩება რუსი სპორტსმენების არდაშვება საერთაშორისო ასპარეზობებზე, აგვისტოში რიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების ჩათვლით. გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, ვრცელდება ცნობები, რომ სპორტული ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ 17 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება არ გააუქმოს აკრძალვა, რომელიც ძალაში შევიდა ნოემბერში - მას შემდეგ, რაც დოპინგის საწინააღმდეგო საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ცნობები ფართომასშტაბიანი, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი დოპინგის პრაქტიკის შესახებ. რუსეთმა აკრძალვის გაუქმების მიზნით განაცხადა, რომ რეფორმებს გაატარებდა. მაგრამ 15 ივნისს გავრცელებულ ახალ ანგარიშში დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტო წერს, რომ რუსეთში დოპინგის შემოწმებაზე მომუშავე პირებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში, არ აძლევდნენ სპორტსმენების შემოწმების საშუალებას და მათ უშიშროების სამსახურები ემუქრებოდნენ.