საგანგებო განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, რომელშიც ის სამშვიდობო პოლიტიკისთვის „სერიოზულ გამოწვევას“ უწოდებს 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას დაღუპვას. „მომხდარი სერიოზული გამოწვევაა იმ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს, რომელსაც აქვს სერიოზული შედეგი ქართულ-აფხაზური საზოგადოებას შორის ურთიერთობების აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის მდგრადობის პროცესზე. მსგავსი ტიპის შეთხვევები ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი ყველა მხარის მიერ. ვიტოვებთ იმედს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტური მმართველობის განმახორციელებელ ძალებს ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე ექნებათ სერიოზული რეაგირება, რომ სამომავლოდ აღმოიფხვრას მსგავსი ფაქტების განმეორება, რომელიც ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პოლიტიკას არყევს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.