საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ აქციების გამართვას თბილისში ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, 29 ჰექტარი მიწის, აუქციონზე გაყიდვის გასაპროტესტებლად. მიწის ნაკვეთი 6 326 495 ლარად გაიყიდა აუქციონზე, რომელშიც მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა. მოგვიანებით „თანაინვესტირების ფონდმა“ დაადასტურა, რომ ბოტანიკურ ბაღთან, კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი თავად შეიძინა. „თანაინვესტირების ფონდი“ არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით 2013 წელს შექმნილი კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს კერძო სექტორში ინვესტირების წახალისებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია როგორც აცხადებს, „თბილისელები არ დაუშვებენ, რომ ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ნაწილი გახდეს ერთი კერძო მესაკუთრის საკუთრება".