საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და უნივერსიტეტის კანცლერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაფრინდაშვილს მოუწოდა, არჩევნებიდან მოხსნას კანდიდატურა „ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად“. კვირიკაშვილი წერს, რომ ხელისუფლება პრიორიტეტულად მიიჩნევს უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. „გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას“ - ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები. მათი მოთხოვნები უცვლელია - მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში ე.წ. "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან.