პენტაგონის ცნობით, სირიაში მოკლეს პანკისის მკვიდრი, ომარ ალ-შიშანი

პენტაგონის ცნობით, გასულ კვირაში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლულ იქნა ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მებრძოლი, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ომარ ალ-შიშანიც არის. ეს ცნობა ჟურნალისტებს 8 მარტს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პიტერ კუკმა. მანვე დააზუსტა, რომ საჰაერო თავდასხმების სერია 4 მარტს, სირიის ქალაქ ალ-შადადეში განახორციელეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა და დრონებმა. პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 30 წლის ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის საველე მეთაურად ითვლებოდა, ზოგი მას „ომის მინისტრსაც“ უწოდებდა. 2015 წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისათვის, რომელსაც ალ-შიშანის შეპყრობა ან მოკვლა მოჰყვებოდა.