დღეს ჟენევაში იწყება სამშვიდობო მოლაპარაკება სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მოლაპარაკებას საფრთხეს უქმნის ოპოზიციონერთა წამყვანი ჯგუფების ბოიკოტი. ოპოზიციონერები, რომლებიც საუდის არაბეთის მხარდაჭერით სარგებლობენ, აცხადებენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებაში, სანამ არ არის მიღწეული სირიის მთავრობასთან შეთანხმება, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ სირიაში ალყაშემორტყმული დასახლებები. მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ არც სირიის მკვიდრი ქურთების წარმომადგენლები. ქურთები, რომლებიც ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, არ მიუწვევიათ თურქეთის მოთხოვნით, როგორც ანკარა აცხადებს, აკრძალულ "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" მათი კავშირის გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 28 იანვარს თხოვნით მიმართა სირიელი ოპოზიციონერების კოალიციას, ჩაერთოს მოლაპარაკებაში მიუხედავად იმისა, რომ წინ არ წაწეულა ალყაშემორტყმული დასახლებებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი.