თეა წულუკიანი ეხმაურება რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების დაწყებას

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები სამართლებრივად სწორია და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პროკურორს, ფატუ ბენსუდას მიეცა გამოძიების დაწყების ნებართვა. თეა წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილებაში არაერთხელაა ნათქვამი, რომსამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის საქართველოს ნაწილია და ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც ერთი მხრივ, რუსეთში და მეორე მხრივ, საქართველოში ჩატარდა და არ და ვერ მიიღებს მხედველობაში საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შესაძლოა ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულია ყველაფერი, რაც ქართულმა მხარემ საკითხებად დააყენა თბილისში ფატუ ბენსუდას ვიზიტისას. „კერძოდ, როგორც მოველოდით, გადაწყვეტილებაში განსაკუთრებილი ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ მის ხელთ ამ ეტაპზე არსებული ფაქტებით, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას ხშირად ადგილობრივიმიმთითებლების დახმარებით, რათა ეს სახლები განადგურებულიყო მას შემდეგ, რაც მითვისებული იქნებოდა ნივთები და საქონელი" - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტლებაში ნათქვამია, რომ როგორც ჩანს, ქართველების ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შეცვლას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისთვის და გაეწყვიტა კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. "როგორც ჰააგის მოსამართლე ამბობს, იმ ფაქტების მიხედვით, რაც დღეს აქვს, 8 ათასზე მეტი ქართველის სახლი დანგრეულია, 100-ზე მეტი ქართველი განზრახაა მოკლული და 20 ათასამდე დევნილი გახდა" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეაწულუკიანმა. მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება, რომ გამოძიებაზე ნებართვა გაიცა 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე. წულუკიანის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა მხარემ ჰააგის პროკურორთან თანამშრომლობისას აჩვენოს, რომ აგვისტოს ომს ჰქონდა სეროზული წინაპირობები. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები იყო საერთაშორისო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. თეა წულუკიანის განცხადებითვე, მისასალმებელია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ, საქმე მოექცევა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში და ეს იქნება სამართლებრივი პროცესი, რომლის განმავლობაშიც გაგრძელდება პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან აქტიური თანამშრომლობა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის პროკურორს დამატებითი ინფორმაცია ერთი თვის განმავლობაში უნდა გაუგზავნოს, რათა მან შეძლოს ეფექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება.