დაიწყოს გამოძიება 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე

„გამოძიება იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ფატუ ბენსუდა აცხადებს.​ ბენსუდას თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მის ოფისს მისცა უფლება, დაიწყოს გამოძიება საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე. „გამოძიების დაწყება გასული წლის ოქტომბერში მოვითხოვეთ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც სამივე მხარე მონაწილეობდა. სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების დაწყება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უკვე იძიებს იმავე საქმეებს. ბოლო დრომდე ქართული და რუსული გამოძიებები პროგრესულად მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოში მარტში ამ მიმართულებით მუშაობა შეწყდა. ჩვენი გამომძიებლები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებენ. ის იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი", -განაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ფატუ ბენსუდამ. საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.