უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა, რუსეთის ციხეში მყოფმა ნადეჟდა სავჩენკომ, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ნოემბრის დასაწყისში გადასცა წერილი, რომლითაც მადლობას aუხდის ნობელის პრემიის ლაურეატს, ბელორუს მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩს. რა აკავშირებს ამ ორ ქალს - უკრაინელ პატიმარსა დამსოფლიოში აღიარებულ ბელორუს ხელოვანს?
ბელორუსი ჟურნალისტი და მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ჯერ არ იყო ნობელის პრემიის ლაურეტი, არ იყო მოქცეული საყოველთაო ყურადღების ცენტრში, როცა გასულ ზამთარში მიიღო მონაწილეობა კამპანიაში ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით, როცა საჯაროდ შეაქო მისი გაბედულება და შემართება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში სავჩენკოს წაყენებული აქვს 2014 წელს უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება, რომელსაც სავჩენკო კატეგორიულად უარყოფს. სავჩენკო აცხადებს ასევე, რომ უკანონოდ იქნა დაკავებული უკრაინაში და ასევე უკანონოდ გადაყვანილი რუსეთის ტერიტორიაზე.
აი, ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს გადასცა ბელორუსი მწერლისთვის მადლობის გადასახდელად: „არ ვიცნობ სვეტლანა ალექსიევიჩს და, სამწუხაროდ, ჯერ არ წამიკითხავს მისი წიგნები, მაგრამ უკვე გამოვიწერე ციხეში. ოდესღაც, ადრე, მსმენია სათაური „ომს არა აქვს ქალის სახე“ და სარკასტულად გამღიმებია: მე ხომ იმ ქალებს მივეკუთვნები, ვისაც ნანახი აქვს ომის სახე. მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი და ავტორის მოსაზრებები ბევრ რამეში დაემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ეს წიგნი არ არის შოვინისტური ტრაქტატი იმის შესახებ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია (...) მე აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს. თუ შეძლებთ, აუცილებლად გადაეცით ჩემი სიტყვები სვეტლანა ალექსიევიჩს და ჩემი მადლიერება ჩემსა და უკრაინის მიმართ დამოკიდებულებისათვის“, - წერს ნადია სავჩენკო. ჩვენმა რადიომ, რასაკვირველია, გადასცა მისი მიმართვა ცნობილ ბელორუს მწერალს, თან ისარგებლა შემთხვევით და რამდენიმე შეკითხვაც დაუსვა სვეტლანა ალექსიევიჩს. საუბარი, ბუნებრივია, შეეხო, უწინარეს ყოვლისა, სავჩენკოს. მწერალი მას „იდეალიზმის სიმამაცეს“ უსურვებს.
„გარკვეული იდეალიზმის გარეშე დღეს ვერ გადარჩები. ეს განსაკუთრებით ეხება ნადეჟდა სავჩენკოს, რომელიც ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. სიმამაცეს მას ვერ წაართმევ, ხოლო იდელიზმი იყო მისი შიმშილობა. ათასობით ადამიანს სურს, დაეხმაროს მას - ათასობით რუსს, ბელორუსს, სხვა ხალხებს მთელს მსოფლიოში. მაგრამ ყველა უსუსურია. ასეთია ავტორიტარული სისტემები: ხალხს უსუსურს ხდის. ამიტომ ვუსურვებ ნადეჟდას იდეალიზმის სიმამაცეს“, - განმარტავს სვეტლანა ალექსიევიჩი, ცნობილი ბელორუსი მწერალი, რომელსაც ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის თანამშრომელი, ანდრეი შარი, ესაუბრა პატიმრობაში მყოფი ნადია სავჩენკოს წერილთან დაკავშირებით.
ამ წერილში, როგორც წეღან უკვე აღვნიშნეთ, მოხსენიებულია ალექსიევიჩის ერთ-ერთი წიგნის სათაური - „ომს არა აქვს ქალის სახე“. რას ფიქრობს ბელორუსი მწერალი ქალი ომზე და როგორ წარმოუდგენია ომისადმი უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს, დამოკიდებულება?
ალექსიევიჩი: „რასაკვირველია, ომის შესახებ ნადიამ მეტი იცის, ვიდრე მე. თუმცა ომზე ასობით მონათხრობი მაქვს მოსმენილი და მე თვითონაც ნამყოფი ვარ ომში, ავღანეთში. მაგრამ ის ომი, მე რომ ვნახე - ეს მაინც არ იყო სიღრმისეული ხედვა, ვერ შეედრება ნადიას წვდომას, რადგან ის მონაწილეობდა ბევრ ომში (...) ნადია ძალიან ძლიერი, ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან უჩვეულო ქალი, უჩვეულო ჩვენი დროისათვის და ამის გამო მასზე შურს იძიებენ, შურს იძიებენ, პირველ რიგში, მამაკაცები - ჩვეულებრივი მამაკაცები, რომელთათვისაც სრულიად შეუძლებელია ქალის დანახვა თანასწორუფლებიანად ან თავისზე ზემოთ მდგომად. მისი ბრალეულობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი დანაშაულია მხოლოდ ის, რომ თავის სამშობლოს იცავდა. მან თვითონ გადაწყვიტა ასე მოქმედება, ომში არავის გაუგზავნია. ეს არ იყო სამსახურიდან მიღებული დავალება -მას გული ეძახდა“.
ახლა, როცა ნადია სავჩენკო წელიწადზე მეტია იმყოფება რუსეთში წინასწარ პატიმრობაში და სასამართლომ განაჩენი უნდა გამოუტანოს ორი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალს მაინც არ მიაჩნია საკითხი უკვე გადაწყვეტილად: „ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ასამართლებენ არა ნადია სავჩენკოს, არამედ უკრაინას. ასამართლებენ უკრაინის სურვილს, იყოს დამოუკიდებელი, დაიწყოს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამიტომ: კიდევ როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკური სიურპრიზები, ვინ ვისში შეიძლება გაცვალონ, როგორ იქნება ეს ყველაფერი - სრულიად ღიაა და სრულიად გაუგებარია. მით უმეტეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებობს, იცით, ეს ფეოდალური მომენტები ბელორუსიაშიც და თქვენთანაც, რუსეთშიც: ისინი დამოკიდებულია მმართველთა ხუშტურებზე“, - ამბობს სვეტლანა ალექსიევიჩი, ბელორუსი ჟურნალისტი და მწერალი, რომელიც წელს, 8 ოქტომბერს, დასახელდა ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელი პრემიის ლაურეატად. როგორ აპირებს ის ამ ყველაზე პრესტიჟული პრემიით შემკობილი სახელის გამოყენებას?
ალექსიევიჩი: „მთლიანობაში, რასაკვირველია ვაპირებ, რომ როგორც ვწერდი, ისევე გავაგრძელო წერა. შევეცდები იქიდან, რასაც ვწერ, ადამიანებმა მიიღონ სიყვარული და არა სიძულვილი. რაც შეეხება ნადიას, რისი გაკეთება შეგვიძლია? მე ხელს ვაწერდი წერილებს მის დასაცავად. მივიღე მოსაწვევი უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსაგან, რომელმაც კიევში დამპატიჟა. რასაკვირველია, ჩავალ, როგორც კი ასეთი შესაძლებლობა მექნება. რასაკვირველია, ვისაუბრებთ ნადია სავჩენკოზე, მაგრამ ისედაც მზად ვარ მასზე ნებისმიერ ადგილზე ვილაპარაკო. თუმცა, ხომ გესმით, რა სიტუაციაში ვართ? ნობელის პრემიის სამგზის ლაურეატიც რომ იყო, ვერაფერს გახდები მამაკაცის ყველაზე პრიმიტიული მოსაზრების წინაშე, ყველაზე პრიმიტიული პოლიტიკური მოსაზრებაც რომ იყოს. ბოლო კვირებში ხელი მოვაწერე ამ ტიპის საკმაოდ ბევრ წერილს და მათ ხელს ვაწერ ყოველთვის სასოწარკვეთილი, უსუსურობის შეგრძნებით. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს არის ის, რომ ... იქნებ მართალია ოკუჯავა, როცა ამბობს „ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს, მეგობრებოო!“ ასე ვინარჩუნებთ საკუთარ თავს, ღირსების შეგრძნებას ვუნარჩუნებთ იმათ, ვის უფლებებსაც ვიცავთ. ისინი გრძნობენ, რომ მარტო არ არიან“.
იმედს, რომ ნადია სავჩენკოს, რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი სამხედრო მფრინავის, მხარდამჭერთა ერთად დგომა ნაყოფს გამოიღებს, გამოთქვამს ბელორუსი ჟურნალისტი და მწერალი, ნობელის წლევანდელი პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი. მას ტელეფონით ესაუბრა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომელი, ანდრეი შარი.